Wednesday, June 15, 2022
„სამეტყველო უნარების პრობლემის კვლევა
რუსულ ენაში’’
კლასი: მე-7, მე-9
სსიპ თბილისის 88-ე საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ნინა ბალიაშვილი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში.
ს ა რ ჩ ე ვ ი
შესავალი.................................................................................................................................................3გვ.
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ ............................................................................................................4გვ.
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა .....................................................................................................4-7გვ.
1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება...................................................................................7-8გვ.
1.4 კვლევის მიზანი და ამოცანები...........................................................................................................9გვ.
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი და ჰიპოთეზა ..........................................................................................9გვ.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა ........................................................................................................10-13გვ.
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი..................................................................................................................14გვ.
4.2 კვლევის მეთოდები ..........................................................................................................................14გვ.
4.3 კვლევის ვადები.................................................................................................................................15გვ.
თავი V
კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი................................................................................................................16-17გვ.
5.2 კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები............................................................................17-18გვ.
თავი VI
ინტერვენციის (ჩარევის) განხორციელება და შეფასება
6.1 ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება....................................................................18-19გვ.
6.2 ინტერვენციის შეფასება....................................................................................................................19გვ.
თავი VII
დასკვნა..................................................................................................................................................20გვ.
ბიბლიოგრაფია....................................................................................................................................21გვ.
დანართები......................................................................................................................................22-25გვ.
შესავალი
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ 88 -ე საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ნინა ბალიაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე: „სამეტყველო უნარების პრობლემის კვლევა რუსულ ენაში მე-7- მე-9 კლასის მოსწავლეებში“ . ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან, აღწერილია პრობლემის გამოწვევის მიზეზები და მათი მოგვარების სტრატეგიები.
საქართველოში განათლების სისტემის მოდერნიზება ითვალისწინებს ისეთი სასკოლო განათლების სისტემის შემოღებას, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკურენტუნარიანი, ცოდნით აღჭურვილი თაობის აღზრდაზე.
თავისუფალი, მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისა და მისი ენობრივ-კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელია უცხო ენების შესწავლა სწავლების ადრეული საფეხურიდანვე.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლაში ისწავლება ორი ან სამი უცხო ენა, რაც ევროპული განათლების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია. ორი უცხო ენის სწავლება აუცილებელია, მესამე კი შესაძლებელია ისწავლებოდეს საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით. რუსულ ენას არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა პრაქტიკული თავლსაზრისით და ქართველებისთვის წარმოადგენს რიგით მეორე მოთხოვნად უცხოურ ენას. სკოლებში სავალდებულო ინგლისური ენის შესწავლა ხდება პირველი კლასიდან XII კლასის ჩათვლით, ხოლო მეორე და მესამე უცხო ენას მოსწავლეები თავად ირჩევენ საკუთარი ინტერესებიდან და სკოლაში არსებული შეთავაზებებიდან გამომდინარე. სკოლაში X კლასიდან XII კლასის ჩათვლით მეორე უცხო ენად ისწავლება ფრანგული ან რუსული მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, ხოლო მესამე უცხო ენა - საბაზო საფეხურიდან (VII-IX კლასები).
მიმდინარე რეფორმები დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორს და მოითხოვს სწავლების ისეთი მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ენების სწრაფ და ეფექტურ ათვისებას. პრიორიტეტი ენიჭება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებსა და ჰარმონიული სასწავლო გარემოს შექმნას.
უცხო ენების შესწავლის აუცილებელი პირობაა სამეტყველო უნარ-ჩვევების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარება, რაც უზრუნველყოფს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგებას, წარმატებულ კომუნიკაციასა და თანამოღვაწეობას სხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან.
ქვეყანაში უცხო ენების, მ. შ. რუსული ენის შესწავლასთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, დღემდე პრობლემად რჩება ეროვნული სასწავლო მიზნებით განსაზღვრული პლურილინგვური კომპეტენციების ჩამოყალიბება და სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. სწორედ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რუსული ენის სწავლებისას სამეტყველო უნარებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის მიზანი იყო ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესებასა და რუსული ენის სრულფასოვან დაუფლებას.
ლიტერატურული წყაროების მიმოხილვისა და კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შეჯამების საფუძველზე სკოლაში გავატარე სათანადო ინტერვენციები და ამით შევიტანე ჩემი წვლილი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ
სსიპ თბილისის 88-ე სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი, სკოლა არის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული, აქვს კარგი ეზო, სპორტული მოედანი, მასწავლებლეთა უმრავლესობა ზრუნავს პირად კარიერულ წინსვლაზე, ესწრებიან ტრენინგებს და აქტიურად იყენებენ საგაკვეთილო პროცესებში
1.3 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
რუსული ენა სლავურ ენებს მიეკუთვნება. იგი უკრაინულ, ბელარუსულ და აგრეთვე, ნაკლებად ცნობილ რუსინულთან ერთად ჰქმნის აღმოსავლეთ სლავურ ენათა ჯგუფს. რუსული ენა მოსაუბრეთა რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული ენაა მსოფლიოში. რუსული ენა დღემდე რჩება ასევე კავკასიის რეგიონის ძირითად საკომუნიკაციო ენად. ქართველები რეგიონის მეზობლებს – სომხებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ყაზახებს სწორედ ამ ენაზე ესაუბრებიან.
რუსული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც. საქართველოს გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ამბიცია, რომ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად იქცეს. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ რუსულენოვანი, ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდის. ამ მიმართულებით, რუსულ ენას ძალიან პრაქტიკული გამოყენება აქვს.
2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:
ენობრივი ცნობიერების გამდიდრება და ამ გზით ენობრივი განათლების დონის ამაღლება;
სამეტყველო უნარ-ჩვევების (მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი) განვითარება მინიმუმ ორ უცხოურ ენაზე; სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავება;
დადებითი განწყობილების ჩამოყალიბება ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ;
განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარ-ჩვევების განვითარება;
სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის წარმომადგენლებთან თანამოღვაწეობის უნარის გამომუშავება;
ენების ეფექტიანად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტული მიზნებია:
მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
მეორე უცხოურ ენაზე ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე უცხოურ ენებში შემუშავებული საგნობრივი პროგრამის მიხედვით საბაზო საფეხურზე (VII-IX) უცხოური ენის შესწავლის ძირითადი ასპექტებია მოსწავლეში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების (ტოლერანტობა, პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თვითგანვითარება, კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვა) განვითარება, მოსწავლის აღჭურვა საბაზისო ცოდნით, რომელიც მას ხელს შეუწყობს შემდგომ საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში.
საბაზო საფეხურზე უცხო ენის წარმატებული სწავლება ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:
ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ორ უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში;
კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის სტრატეგიების გამოყენება;
ცოდნის დონის დამოუკიდებლად ამაღლება ამა თუ იმ მიმართულებით (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, კულტურა);
ინტერაქცია განსხვავებულ კულტურულ თუ სოციოკულტურულ კონტექსტებში.
საშუალო საფეხურზე (X-XII) უცხო ენის სწავლება ემსახურება მოსწავლეებში მოქალაქეობრივი შეგნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
საშუალო საფეხურზე უცხოური ენის სწავლების საგანმანათლებლო მიზანია მოსწავლის უზრუნველყოფა ისეთი ცოდნით, რომ მან შეძლოს ერთ ან ორ უცხოურ ენაზე:
სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების (რეპორტაჟი, საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება, გაანალიზება და დამუშავება შემდგომში გამოყენების მიზნით სასწავლო საქმიანობაში;
ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება;
მეგობრული თუ საქმიანი წერილების შედგენა, აქტუალურ თემებზე ზეპირი მოხსენების/პროექტის წარდგენა და სხვა.
რუსულ ენაში სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევა უმეტესწილად დამოკიდებულია სწორად შერჩეულ მეთოდებსა და სტრატეგიაზე. მრავალფეროვანი, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და დასწავლის სტილზე მორგებული მიდგომები ხელს უწყობენ მათ მოტივირებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას, რაც უმთავრესია ცოდნის შეძენისა და სამეტყველო უნარების განვითარების კუთხით.
1.4 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
უცხო ენის შესწავლა აუცილებელია პიროვნების ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში ინტეგრირებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზებისთვის.
უცხოური ენა წარმოადგენს კომუნიკაციური კომპეტენციების ჩამოყალიბების ინსტრუმენტს.
უცხო ენის სწავლება ეფუძნება სამ მიმართულებას: ზეპირ და წერით მეტყველებასა და ინტერკულტურას.
ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი) აერთიანებს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას - მოსმენა/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკს და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს გაუადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ მიმართულების ფარგლებში გამოიყენება ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი ტიპისა და შინაარსის ტექსტები, რომლებიც სირთულით შეესაბამება სტანდარტით მოთხოვნილ დონეს. ასეთი ტიპის ტექსტებს წარმოადგენს თემატური დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ, სკეტჩი, რიტმული ტექსტი, რეპი და მისთ. მოსმენის, რეპროდუცირებისა და პროდუცირების უნარების განსავითარებლად და განსამტკიცებლად აუცილებელია, მოსწავლეებმა მოსმენასა და ლაპარაკში ერთი და იმავე შინაარსისა და სახეობების ტექსტებზე იმუშაონ.
წერითი მეტყველება (კითხვა და წერა) მოიცავს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას - კითხვასა და წერას და ამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს გაუადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას. ამ მიმართულების ფარგლებში გამოიყენება წერითი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ტექსტის ისეთი ტიპები და სახეობები, რომლებიც სირთულით შეესაბამება სტანდარტით მოთხოვნილ დონეს. ასეთი ტიპის ტექსტებს წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის განრიგი, მეგობრული წერილი, დღიური, ამბავი, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ფილმის ანოტაცია, ცნობარი და სხვ. კითხვის უნარებზე მუშაობისას მოსწავლეები დაეუფლებიან ორი ტიპის უნარს - გაწაფულ კითხვას, ანუ კითხვის ტექნიკასა და წაკითხულის გაგება-გააზრებას. კითხვაში დამუშავებული ტექსტები გამოიყენება როგორც ენობრივი უნარების, ისე წერითი კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად. მოსწავლე, ერთი მხრივ, დააკვირდება ამ ტექსტებში წარმოდგენილ ენობრივ მექანიზმებს და გაივარჯიშებს მათ წარმოებაზე. მეორე მხრივ, იგი ამ ტექსტებს გამოიყენებს მოდელებად, რომლითაც იხელმძღვანელებს მსგავსი პროდუქტის შესაქმნელად.
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება ინტერკულტურა. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ამოიცნონ უცხო კულტურის თავისებურებები, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ და პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს კულტურული კუთვნილების განცდას გაუძლიერებს, საშუალებას მისცემს, გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლოს საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასება.
რუსულ ენაში სამეტყველო უნარ-ჩვევების (კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი) განვითარებისთვის გადამწყვეტი ეტაპია დაწყებითი და საბაზო საფეხური. სწორედ, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც უკავშირდება უცხო ენის შესწავლას აღნიშნულ ეტაპზე.
დღესდღეობით რუსული ენის მასწავლებლები დგანან მრავალი დილემის წინაშე, მათ ფეხი უნდა აუწყონ თანამედროვე პედაგოგიკის მოთხოვნებს და განსაზღვრონ რა გზებს მიმართონ მოსწავლეებში სამეტყველო უნარებთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად, რომელი ფაქტორებიი ზრდიან მოსწავლეებში მოტივაციას და როგორ შექმნან მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო.
მასწავლებლებზე არსებითად არის დამოკიდებული მოსწავლეების მიერ საკუთარი უნარების შეცნობა და გამოვლენა, მოსწავლეებში რუსული ენის მიმართ ინტერესის გაღვიძება და ენის სწავლის პროცესში დადებითი განწყობის შექმნა.
რუსული ენის სწავლებისას მასწავლებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და ეფექტური სტრატეგიის შერჩევაზე, აქცენტი გააკეთონ კონსტრუქციულ, თანამშრომლობით მოდელზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეზე და მაქსიმალურად გამოავლენს მის პოტენციალს, რათა წარმატებულად განახორციელონ სასწავლო პროცესი.
1.4 კვლევის მიზანი და ამოცანები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიზნად ისახავდა რუსული ენის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეების შესწავლას, სამეტყველო უნარების განვითარების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების გამოვლენას, სასწავლო პროცესის მიმართ რუსული ენის პედაგოგებისა და მშობლების დამოკიდებულების შეფასებას.
აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე დავსახე შემდეგი ამოცანები:
• პასიური და აქტიური დაკვირვება რუსული ენის საგაკვეთილო პროცესზე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე;
• სიღრმისეული ინტერვიუ და ჯგუფური დისკუსია სამიზნე აუდიტორიასთან (მასწავლებლები და მოსწავლეები);
• მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა ანკეტური გამოკითხვა;
• შეგროვებული მონაცემებისა და არსებული მასალების კონტენტ-ანალიზი;
• დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
• ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;
• შედეგების განხილვა და პრეზენტირება სკოლის კათედრაზე.
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი და ჰიპოთეზა
საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობიდან და პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე განვსაზღვრე საკვლევი თემა და წამოვაყენე კვლევის ჰიპოთეზა: „რუსული ენის სწავლებისას სამეტყველო უნარების განვითარებას აფერხებს სწავლების არაეფექტური სტრატეგიები და მიდგომები“. პრაქტიკული კვლევა ითვალისწინებდა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართულობასა და თანამშრომლობას. გუნდური მუშაობის პრინციპებსა და აზრთა ინტენსიურ გაცვლა-გამოცვლაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიდა უკეთესი შედეგების მიღწევის წინაპირობას. პედაგოგიურმა კვლევამ აჩვენა რომ ჩემს მოსწავლეებს განსაკუთრებულად უჭირდათ მეტყველების უნარების გამოყენება რუსულ ენაში. დავგეგმე სხვადასხვა ინტერვენციები რათა აღმომეფხვრა აღნიშნული ხარვეზები.
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა
დღესდღეობით თანამედროვე უცხოური ენის გაკვეთილი კონცეპტუალურად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან და უმეტესწილად ეფექტურ კომუნიკაციაზეა აგებული. ენის შემადგენელი კომპონენტების ცალკეულად სწავლების მიდგომა ჩაანაცვლა ინტეგრირებულმა სწავლებამ, აქცენტი გაკეთდა შესასწავლი ქვეყნის კულტურის ელემენტებზე.
უცხო ენის სწავლების მეთოდოლოგია განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში და ეფუძნება პოლიტიკურ, ეკონომიურ და საზოგადოებრივ ფაქტორებს.
განათლების სისტემის გარდაქმნასთან ერთად იცვლებოდა უცხო ენების სწავლების მეთოდოლოგია. გამოყოფენ უცხო ენების სწავლების რამდენიმე მეთოდს:
გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი უცხოური ენების სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და გავრცელებული მეთოდია, რომელიც მე-19 საუკუნეში ევროპის გიმნაზიებში თანამედროვე ენების (ფრანგული, ინგლისური) სწავლებისათვის გამოიყენებოდა. გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი ლათინური და ბერძნული ენების სწავლების მოდელის საფუძველზე შეიქმნა, რადგან იმ პერიოდში ლათინური და ბერძნული ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელი იყო ბიბლიისა და სხვადასხვა იურიდიული და სამედიცინო ლიტერატურის წაკითხვა. მკვდარი ენების სწავლების ფორმების გამოყენება თანამედროვე ენების სწავლებისას ნიშნავდა იმას, რომ გიმნაზიაში სწავლების უმთავრესი მიზანი მოსწავლის სულიერი განვითარება იყო და სკოლაში უცხოური ენის გაკვეთილი მხოლოდ მაღალი ფენის გიმნაზიელებისთვის იყო ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ე.წ. ელიტარულ საგნად ითვლებოდა. ამ მეთოდის შემთხვევაში უცხოური ენის სწავლებისას უპირატესობა ენიჭება კითხვასა და წერას. ლაპარაკს (ძირითადად, დაზეპირებულის მოყოლა) ნაწილობრივ ექცევა ყურადღება. მოსმენის უნარ-ჩვევა კი ფაქტობრივად, სრულიად იგნორირებულია. ენობრივი მასალის დასწავლა თარგმანისა და მასალის მექანიკური დაზეპირების გზით ხდება.
გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდი სინთეზურ-დედუქციური მეთოდია და საფუძვლად უდევს სწავლების კოგნიტური კონცეფცია, რაც წესების გაგებასა და მათ გამოყენებას გულისხმობს. უცხოური ენის შესწავლა ხდება მრავალრიცხოვანი, ცალკეულად შესწავლილი წესების ერთმანეთთან დაკავშირებით, სიტყვებისა და წესების დაზეპირებით და ხელოვნურად აგებული წინადადებების გზით. ყურადღება გამახვილებულია არა იმდენად ენის პრაქტიკულ ფლობაზე, რამდენადაც ენის ფორმალური აგებულებისა და წესთა სისტემის შესახებ კოგნიტური ცოდნის დაგროვებაზე. უცხოური ენის გაკვეთილი მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს.
პირდაპირი მეთოდის ძირითად ორიენტირს აკეთებდა აქტიური უცხოური ენის გაკვეთილზე, სადაც წერით ენასთან შედარებით სამეტყველო ენას აბსოლუტური პრიორიტეტი ენიჭება. პირდაპირი მეთოდი გულისხმობს უცხოური ენის შესწავლას პირდაპირ, მშობლიური ენის გარეშე და გაკვეთილზე მისი გამოყენების მაქსიმალურად შეზღუდვას.
ენის შესწავლა, გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდისგან განსხვავებით, არ ხდება გრამატიკული წესების შეგნებული დასწავლისა და მათი თარგმანში გამოყენების გზით. პირდაპირი მეთოდისათვის დამახასიათებელია იმიტაციური (მასწავლებლის მიბაძვა), ასოციაციური (სიტყვების კონკრეტულ საგნებთან დაკავშირება) და ინდუქციური (მაგალითიდან წესამდე) კონცეფცია.
აუდიო-ლინვუალური მეთოდს მოსმენა-ლაპარაკის მეთოდსაც უწოდებენ. მეთოდი შეიქმნა ამერიკაში 1930-იან წლებში და განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ის კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის (იაპონური და ჩინური ენების სამხედრო თარჯიმნები) გამოიყენებოდა, რომლებიც ენის ინტენსიურ კურსებზე სწავლობდნენ უცხოურ ენებს. კურსების მიზანი იყო ენის შესწავლა ძალიან მოკლე დროში ადგილობრივ მოსახლეობასთან წარმატებული კომუნიკაციის მიზნით. აუდიო-ლინგვუალური მეთოდით სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს არა ენის ცოდნა, არამედ ენის გამოყენების უნარი. უცხოური ენის გაკვეთილზე მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევის განვითარებას ენიჭებოდა უპირატესობა კითხვისა და წერის უნარ-ჩვევასთან შედარებით. გავრცელებული ტექსტის ტიპები იყო სახელმძღვანელოს ავტორის მიერ ხელოვნურად შექმნილი დიალოგები, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც ყოველდღიური, სამეტყველო ენის მოდელი და ინფორმაციული ტექსტები. მხატვრული ტექსტები სასწავლო პროცესიდან მთლიანად იყო ამოღებული.
აუდიო-ვიზუალური მეთოდი აუდიო-ლინვუალური მეთოდის განვითარებას წარმოადგენს და აღნიშნავს მოსმენა-დანახვის მეთოდს. მეთოდის მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ენა მუდმივ კავშირშია ოპტიკურ თვალსაჩინოებებთან და ახალი დიალოგის შინაარსი ენის შემსწავლელს თავდაპირველად ვიზუალური საშუალებებით უნდა წარედგინოს, შემდეგ კი უნდა მოხდეს ამავე დიალოგის ენობრივი ფორმების გაცნობა. აუდიო-ვიზუალური მეთოდი აუდიო-ლინვუალური მეთოდისაგან ძირითადად განსხვავდება აკუსტიკური და ვიზუალური მასალის პარალელური გამოყენებით.
შერეული მეთოდის წარმოშობა განაპირობა ენის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენების სურვილმა.
მხოლოდ გრამატიკული წესების დაზეპირებითა და სინთეზურად შედგენილი ტექსტების თარგმნით შეუძლებელი იყო უცხოური ენაზე ლაპარაკი და საჭირო გახდა ისეთი მეთოდის შემუშავება და ახალი სახელმძღვანელოების შედგენა, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურ უცხოურ გარემოში ენობრივ ორიენტირებაში დაეხმარებოდათ.
აღნიშნული მეთოდი განიხილება, როგორც ხერხებისა და საშუალებების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული მიზნის მიღწევას ემსახურება და შეიძლება სწავლების ისეთი კონკრეტული პირობების გავლენით შეიცვალოს, როგორიცაა: მოსწავლეთა ასაკი, სწავლების ხანგრძლივობა, საათების რაოდენობა და სხვა.
კომუნიკაციური დიდაქტიკის მეთოდმა მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ენების სწავლების პროცესში წამყვანი ადგილი დაიკავა. აღნიშნული მეთოდისათვის მნიშვნელოვანი იყო რეალური, ნამდვილი კომუნიკაციის ხელშეწყობა უცხოური ენის გაკვეთილზე. უცხოური ენების სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენდა არა ტრადიციულად ენობრივი და ქვეყანათმცოდნეობითი ცოდნის მიწოდება ენის შემსწავლელისთვის, არამედ მისთვის უცხოენოვანი სამეტყველო უნარ-ჩვევების (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა) განვითარება.
კომუნიკაციურმა დიდაქტიკამ საფუძველი დაუდო თანამედროვე გაკვეთილის წარმმართველ მეთოდებს, მ. შ. ინტერკულტურულ, პრაგმატულ-ფუნქციონალურ და კომუნიკაციური მიდგომებს.
უცხოური ენის სწავლების წინაშე დადგა ამოცანა, შეემუშავებინათ ისეთი კონცეფცია, რომელიც ენის შემსწავლელის კულტურასა და სამიზნე ენის კულტურას შორის სწორი დიალოგის გამართვას შეუწყობდა ხელს. რეალობების გათვალისწინებით უნდა შემუშავებულიყო შესაბამისი სასწავლო მასალა და სწავლების ხერხები. ენის შემსწავლელთათვის ასაკისა და ინტერესიდან გამომდინარე საჭირო გახდა უნივერსალური თემების შერჩევა, რომლებიც კავშირში იქნებოდა ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და შეასრულებდა უცხო და საკუთარ კულტურის შორის ერთგვარი ხიდის როლს. აქედან გამომდინარე, წარმოიშვა ინტერკულტურული მიდგომის საჭიროება.
ინტერკულტურული მიდგომის, როგორც კომუნიკაციური დიდაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული მეთოდის მთავარ მიზანს წარმოადგენს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ენის შემსწავლელმა შეძლოს უცხო კულტურული თავისებურებების აღიარება და დაფასება, ტოლერირება გაუწიოს უცხო კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს.
პრაგმატულ-ფუნქციონალური მეთოდის ჩამოყალიბებას პრაგმალინგვისტიკის ენობრივი ქმედების თეორიის ფარგლებში შემუშავებული კონცეფცია დაედო საფუძვლად. ამ კონცეფციის მიხედვით ენა აღქმული იყო როგორც ადამიანებს შორის ურთიერთქმედების ინსტრუმენტი და შესაბამისად, ის კომუნიკაციურ-ფუნქციონალურ ჭრილში ისწავლებოდა. სასწავლო პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საკომუნიკაციო ინტენციების სწავლებამ, როგორც კომუნიკაციისათვის საჭირო ელემენტებმა. ენის ათვისებისას მეტი უპირატესობა მიენიჭა სამეტყველო ინტენციებს, სიტუაციურ როლებს და ადრესატის ურთიერთდამოკიდებულებას ვიდრე, მაგალითად, გრამატიკული წესების გამოყენებას უცხოენოვანი წინადადებების ფორმულირებისას.
პარალელურად უცხოური ენების სწავლების ალტერნატიული მიდგომებიც განვითარდა, რომელთაც ხშირად ინტენსიურ მეთოდებსაც უწოდებენ და მათი ძირითადი მიზანი ენის ხანმოკლე დროში ათვისებაა. ალტერნატიული მეთოდების წარმოშობა განაპირობა უცხო ენის სწრაფად შესწავლის საჭიროებამ ადამიანების სხვა ქვეყნებში მოგზაურობის და/ან ემიგრაციის გამო. ალტერნატიული მეთოდების მიზანს წარმოადგენს ცოცხალი უცხოენოვანი სამეტყველო ურთიერთობის უნარ-ჩვევების რაც შეიძლება მოკლე დროში დაუფლება.
უცხოური ენის გაკვეთილის მიზანს დღეს შესასწავლ ენაზე კომუნიკაცია და შესასწავლი ქვეყნის კულტურის სწორად აღქმა და დაფასება წარმოადგენს. უცხოური ენაზე კომუნიკაციის დამყარებისათვის საჭიროა, მოსწავლეს გამოუმუშავდეს შემდეგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა და წერა. მოსმენას და ლაპარაკს რეცეფტულ უნარ-ჩვევებს უწოდებენ, ლაპარაკს და წერას კი სამეტყველო აქტივობის ხელშემწყობ, ანუ პროდუქტიულ უნარ-ჩვევებს. მოსმენის და კითხვის დროს ხდება ინფორმაციის მიღება, ლაპარაკის და წერის დროს კი ინფორმაციის გაცემა. აღნიშნული კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებასთან ერთად აუცილებელია გარკვეული რაოდენობის ლექსიკის, სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნა და სწორი საწარმოთქმო და ორთოგრაფიული უნარების ფლობა.
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ:
1. საბაზო საფეხურის (VII-IX) კლასების მოსწავლეები;
2. საბაზო საფეხურის (VII-IX) კლასების მოსწავლეთა მშობლები;
3. უცხო ენის მასწავლებელი.
კვლევაში რესპოდენტები შერჩეულ იქნა შემთხვევითი (ალბათური) და მიზნობრივი (არაალბათური) შერჩევის წესით.
4.2 კვლევის მეთოდები
კვლევის საწარმოებლად გამოვიყენე შერეული, როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები:
• დაკვირვების მეთოდმა საშუალება მომცა დავსწრებოდი უცხო ენის გაკვეთილებს როგორც პასიური და აქტიური (ჩართული) დამკვირვებელი და შემესწავლა ადგილზე არსებული ხარვეზები;
• სიღრმისეული ინტერვიუ გავმართე ინგლისური ენის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, რათა შემეტყო მათი დამოკიდებულებები რუსული ენის საგაკვეთილო პროცესის მიმართ;
• ანკეტირება ვაწარმოე კითხვარების (იხ. დანართები №№1-3) საშუალებით. გამოვკითხე საბაზო საფეხურის (VII-IX) მასწავლებლები, და საბაზო საფეხურის (VII-IX) მოსწავლეები და მათი მშობლები. რესპოდენტების გულწრფელობის ხარისხის ამაღლების მიზნით თითოეული სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა ჩატარდა დამოუკიდებლად, კითხვარები იყო კონფიდენციალური და მოიცავდა დახურული და ღია ტიპის კითხვებს;
• ფოკუს-ჯგუფი ჩავატარე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, ჯგუფური დისკუსიის გზით მოვისმინე მათი მოსაზრებები და შეხედულებები რუსული ენის შესწავლისას წარმოშობილი სირთულეების შესახებ; ასევე რა პრობლეები ჰქონდათ მეტყველების თვალსაზრისით.
• კონტენტ-ანალიზის მეთოდის დახმარებით შევისწავლე არსებული საინფორმაციო წყაროები, დავაჯამე საბაზო საფეხურის (VII-IX) მოსწავლეთა ტესტური დავალებების შედეგები და მოსწრება რუსულ ენასა და ლიტერატურაში, გავაანალიზე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და გავაკეთე დასკვნები.
4.3 კვლევის ვადები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიმდინარეობდა 5 თვის მანძილზე შემდეგი გეგმის მიხედვით:
თავი V
კვლევის შედეგები
5.1 მონაცემთა ანალიზი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში საწყის ეტაპზე ჩავატარე სიღრმისეული ინტერვიუ სამიზნე ჯგუფთან ინგლისური ენის პედაგოგები და მოსწავლეები. ინტერვიუს მსვლელობისას ძირითადად ვხელმძღვანელობდი შედეგი კითხვებით:
უცხო ენის სწავლებისას რა სამეტყველო უნარებთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან მასწავლებლები?
რა სირთულეებს ხედავენ მოსწავლეები სასწავლო პროცესში?
პედაგოგთა უმეტესობა სასწავლო პროცესის გაუმართავობას მოსწავლეთა დაბალ მოტივაციას უკავშირებდა. მოსწავლეები უინტერესოდ და უხალისოდ მიიჩნევდნენ სასწავლო პროცესს და აქცენტს მოძველებულ სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე აკეთებდნენ.
შემდეგ ეტაპზე ჩავატარე ანკეტირება უცხო ენის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.
უცხო ენის მასწავლებლების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა ენის სწავლებისას რა ღირებულება და დანიშნულება აქვს მეთოდოლოგიას? რომელ მიდგომებსა და სტრატეგიებს ანიჭებენ უპირატესობას? რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეებთან მუშაობისას სამეტყევლო უნარების განვითარების კუთხით და როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები, მიმართავენ თუ არა კოლეგებთან შეხვედრებსა და კონსულტაციებს გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარების მიზნით.
გამოკითხვაში სულ 2 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვის ინსტრუმენტს წარმოადგენდა უცხო ენის პედაგოგებისთვის განკუთვნილი კითხვარი (დანართი №1). გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მსგავსი ტიპი პრობლემები მათაც აქვთ.
გამოკითხულ იქნა მეშვიდედან და მეცხრე კლასის მოსწავლეები. შერჩეულ იქნა მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების 2–2 მოსწავლე. ანკეტირებისთვის გამოვიყენე მოსწავლეებისთვის შემუშავებული კითხვარი (დანართი №2), რის შედეგადაც დავადგინე მათი დამოკიდებულება რუსული ენისა და ლიტერატურის არსებული სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის მიდგომების მიმართ, რომელი სამეტყველო უნარ-ჩვევის დაუფლება უძნელდებათ ყველაზე მეტად რუსული ენის შესწავლისას და რის შეცვლას ისურვებენ გაკვეთილების ეფექტურად და ხალისიანად წარმართვის მიზნით.
გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ:
აღნიშნული მოსწავლეების მშობლების ანკეტირება კითხვარების (დანართი №3) გამოყენებით ჩატარდა სკოლაში მოსწავლეების გამოკითხვის პარალელურად დამოუკიდებლად. მიღებული შედეგების საფუძველზე შევაფასე მათი შეხედულება რუსული ენის სწავლების პროცესისა და გამოყენებული მეთოდების მიმართ, გამოვავლინე მათი ჩართულობის დონე სასკოლო ცხოვრებაში, შვილების საჭიროებებისა და ეფექტური სწავლების მათეული ხედვა.
მშობლების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ
ფოკუსირებულმა დაკვირვებამ რუსული ენის საგაკვეთილო პროცესებზე VII-IX კლასებში საშუალება მომცა, დამედგინა ის ფაქტორები, რაც ხელს უშლის მოსწავლეთა სამეტყველო უნარების განვითარებას და აბრკოლებს სასწავლო პროცესს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს სხვადასხვა სამეტყველო უნარების განვითარების პრობლემა და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას მასწავლებლის მხრიდან.
5.2 კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები
ლიტერატურული წყაროების განხილვისა და კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების შეჯამებისას გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
გაკვეთილების წარმართვისას ნაკლები აქცენტის გაკეთება ბავშვების უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც ამცირებს მოსწავლეთა ჩართულობის დონეს და განაპირობებს მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას;
ნაკლები ინტერაქცია და ინფორმაციის გაუზიარებლობა კოლეგებთან და მშობლებთან,ასევე, მშობლების არასაკმარისი თანამონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში,რაც აფერხებს სასწავლო პროცესის ეფექტურ მიმდინარეობას.
შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე შემდეგი რეკომენდაციები:
მნიშვნელოვანია დაამკვიდრონ სწავლების თანამშრომლობითი მოდელი და მოსწავლეებს შეუქმნან ენის შესწავლისთვის ხელშემწყობი გარემო, მეტი დრო დაუთმონ ენის ასათვისებელ სახალისო აქტივობებს და ამ გზით გაზარდონ მოსწავლეთა მოტივაცია და დაინტერესება;
უნდა მოხდეს მასწავლებელთა პროფესიული ზრდა და წახალისება, მათ მიერ სწავლების თანამედროვე სტრატეგიების დანერგვა, ენის შემადგენელი ელემენტების კომპლექსური სწავლება და ინტეგრირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება.
თავი VI
ინტერვენციის (ჩარევის) განხორციელება და შეფასება
6.1 ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შედეგებმა ნათლად გამოავლინა ინტერვენციების საჭიროება. რუსული ენაში მეტყველების გაუმჯობესების მიზნით გავატარე შემდეგი ღონისძიებები:
მასწავლებლებისთვის თანამედროვე, ინოვაციური მიდგომებისა და სწავლების მეთოდების გაცნობა;
მოვაწყვე ინტენსიური შეხვედრები პედაგოგებთან და გავუზიარე მათ საერთაშორისოდ აღიარებული სწავლების ეფექტური სტრატეგიები. ხაზი გავუსვი მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომების საჭიროებასა და მათზე ორიენტირებულ სწავლებას;
ჩემს კლასში განვახორციელე შედეგი ინტერვენციები:
1. გამოკითხვა წყვილებში
გამოკითხვა წყვილებში საუკეთესო სტრატეგიაა სწავლების ნებისმიერ ეტაპზე. მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად, ინტერვიუვერი და რესპონდენტი, ისინი აწარმოებენ გამოკითხვას და აკეთებენ რეპორტაჟს მოპოვებული ინფორმაციის წარდგენით. შესაძლებელია როლების გაცვლა.მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მოამზადებინოს კითხვები. კითხვები შეიძლება კავშირში იყოს როგორც ლექსიკურთემატურ ერთეულთან, ასევე გრამატიკულ მასალასთან. აქტივობის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ ურთიერთდაკვირვების და თვითშეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ შეაფასონ საკუთარი ცოდნა, გამოავლინონ ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც დაეხმარება მათ შემდგომი სწავლის დასაგეგმად.
2.როლური თამაში
როლური თამაში ერთერთი ყველაზე გავრცელებული და ნაყოფიერი მეთოდია ზეპირმეტყველების განვითარებისთვის. იგი წარმოადგენს რომელიმე სიტუაციის მოდელირებას, სადაც მოსწავლეები ირჩევენ შესაფერის როლებს და მოქმედებენ ამ როლის შესატყვისად საკუთარი ინტერპრეტაციით. როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის ღრმად წვდომას, მასალის ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას, და ზრდის მათ ჩართულობასა და მოტივაციას. როლური თამაშისთვის მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს მოამზადებინოს სცენარი ან გეგმის მარტივი მონახაზი და დაეხმაროს როლების გადანაწილებაში. შესაძლებელია კითხვები წინასწარ დაიგეგმოს მოსწავლეების ასაკის დაშესაძლებლობების გათვალისწინების მიხედვით.
დისკუსია/დებატები
დისკუსია 21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომელიც ზეპირმეტყველების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს მოსწავლეებში ფიქრის,კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და კომუნიკაციური უნარჩვევების განვითარებას. მოსწავლეების როლი და ფუნქციები წინასწარ არის განსაზღვრული,შემუშავებულია წესები და მასწავლებელი ასრულებს
ფასილიტატორის ფუნქციას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადისკუსიო თემის/კითხვების შერჩევა დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას მოითხოვს, ვინაიდან სასაუბრო თემატიკა უნდა განისაზღვრებოდეს მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით.
3.მთხრობელობა
მთხრობელობა სალაპარაკო უნარის განვითარებასთან ერთად მოსწავლეებში სოციალური დაემოციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ზრდის მათ შემოქმედებითობას,ფანტაზიის უნარს, პროდუქტულობას და თავდაჯერებულობას. არსებობს მრავალფეროვანი სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მთხრობელობის გაუმჯობესებას.წარმოგიდგენთ ჩემ მიერ სასწავლო პროცესში გამოყენებულ ერთერთ აქტივობას. მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს 4-5 კაციან ჯგუფებად, აწვდის მათ თემებს. მაგ. ჩემი ოცნების ქალაქი), მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და
ამზადებენ ერთ წუთიან საუბარს რუბრიკის მიხედვით (მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ რუბრიკები, რომლებშიც მოცემულია ის კომპონენტები, რაც უნდა გაითვალისწინონ მათ საუბრის მომზადების პროცესში(კომპონენტები: 1. საუბრის ხანგრძლივობა, 2. შინაარსი მრავალფეროვანი ლექსიკური ერთეულების გამოყენება 3. მკაფიო და გასაგები საუბარი 4. ჟესტიკულაცია და ა.შ. თითოეული ჯგუფი ირჩევს საუკეთესო თემას და თემის ავტორს უწევს კლასის წინაშე საკუთარი თემისმოყოლა. პრეზენტატორი ფასდება რუბრიკის მიხედვით.
მოსწავლეებთან გავმართე საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ვისაუბრე რუსული ენის პრაქტიკულ მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე VII კლასის მოსწავლეებს, ვინაიდან მათ ახალი დაწყებული აქვთ რუსული ენის სწავლა;
მასწავლებლის და მოსწავლეებს შორის სწავლების თანამშრომლობითი მოდელის დანერგვა
აღნიშნული მიზნის მისაღწევად გაკვეთილზე მასწავლებელმა მოირგო ფასილიტატორის როლი და სასწავლო პროცესი ააგო თანამშრომლობითი სწავლების პრინციპებზე, შეარჩია სწავლების ყველაზე ხელსაყრელი და ეფექტური მეთოდები, საკლასო აქტივობები დაგეგმა მოსწავლეთა ინტერესებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
მეტი კომუნიკაციის დამყარება სასწავლო პროცესში ჩართულ ყველა პირს შორის;
მასწავლებლებმა აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა კოლეგებთან თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზებულობულად წარმართვის მიზნით. ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები მშობლებთან, გაიზარდა მათი ჩართულობა სასკოლო აქტივობებსა და სწავლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
6.2 ინტერვენციის შეფასება
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად შეიცვალა მასწავლებელთა მიდგომები რუსული ენის სწავლების მიმართ, აქცენტი გაკეთდა ენის შემადგენელი ელემენტების ინტეგრირებულ სწავლებაზე, რაც უზრუნველყოფს სამეტყველო უნარ-ჩვევების კომპლექსურ გამოყენებას. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა თითოეული მოსწავლის ასაკობრივი და გონებრივი განვითარების თავისებურებები და დაინერგა სწავლების თანამედროვე და ეფექტური სტრატეგიები. რუსულის, როგორც მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ენის პოპულარიზაციამ, სასწავლო მასალის გამრავალფეროვნებამ, მეტი სახალისო აქტივობებისა შემოღებამ და სწავლების ხელშემწყობი გარემო-პირობების შექმნამ საგრძნობლად გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი, რამაც დადებითი ზეგავლენა იქონია მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ჩატარებულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებმა კოლეგებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის განაპირობა მეტი ჩართულობა და თანამონაწილეობა სწავლების გაუმჯობესების პროცესში და ხელი შეუწყო ერთიანი, ჰარმონიზირებული რუსული ენის სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას.
თავი VII
დასკვნა
უცხოური ენების სწავლების ძირითად მიზანს დღეს კომუნიკაციური კომპეტენციის, ანუ სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენს. რამდენადაც კომუნიკაციაში ყველა სამეტყველო უნარი - წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი თანაბრად მონაწილეობს, საჭიროა მათი ინტეგრირებულად სწავლება და სწავლებასთან ერთად ამ ელემენტების გამოყენება ყოფით სიტუაციებში, განსხვავებული კულტურული ცნობიერების აღქმისა და ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის შეცნობის პროცესში.
განათლების სისტემის მოდერნიზაციასთან ერთად დაიხვეწა სასწავლო მეთოდოლოგია და თარგმანისა და მასალის მექანიკური დაზეპირების მეთოდი წარსულში მოიტოვა შინაარსზე ორიენტირებულმა და კრიტიკული აზროვნების განმავითარებელმა სწავლების სისტემამ.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსული ენის სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარება და სწავლების ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პედაგოგის მიერ სწავლებისას გამოყენებულ ხერხებსა და მეთოდებზე. წარმატების მისაღწევად მასწავლებლებმა უნდა იხელმძღვანელონ თანამედროვე სტანდარტებითა და სტრატეგიებით, რომლებიც მორგებული იქნება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ინტერესებსა და საჭიროებებზე. მეთოდოლოგიის სწორად შერჩევასთან ერთად მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეებს შეაყვაროს ენა და გაუღვივოს სწავლისადმი ინტერესი, რაც მიიღწევა მრავალფეროვანი სასწავლო მასალით, საინტერესო და სახალისო აქტივობებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. ამასთან, მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს, რომ კეთილგანწყობილი საგაკვეთილო გარემო აუცილებელი პირობაა ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და აქტიური, შემოქმედი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
მასწავლებლების მხრიდან მუდმივი ზრუნვა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ ზრდაზე და ფართო კომუნიკაცია კოლეგებთან და მშობლებთან უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების საფუძველზე ორგანიზებული სწავლების სისტემის ჩამოყალიბებას და სწავლების პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით წარმართვას, შედეგად კი რუსული ენის ეფექტურ სწავლებას, როგორც პიროვნების მრავალფეროვან კულტურულ-ენობრივ საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დამკვიდრების წინაპირობას.
ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა
1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024, უცხოური ენები
http://ncp.ge/files/subjects/qartuli/XIV%20tavi%20-%20ucxpouri%20enebi.pdf;
2. მარკოზია ნინო, „ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში“, სადისერტაციო ნაშრომი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თბილისი. 2015
https://sangu.ge/images/2015/ninomarkozia.pdf
3. რუსული ენა
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90;
4. საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში, XXIV თავი
http://moecs.ge/contentimage/tfs/ucxo_enebi.pdf;
5. საგნობრივი სტანდარტი რუსულ ენაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა
http://ncp.ge/files/ESG/2011-2016/rusuli.pdf;
6. საქართველოში ინგლისურ ენაზე კარგად რუსული იციან, "ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/59431/saqartveloshi-inglisur-enaze-kargad-rusuli-itsian-kvlevis-shedegebi;
7. შავერდაშვილი ეკატერინე, ფიცხელაური ნინო, რამიშვილი ფატი, გვასალია მეგი, „უცხოური ენების სწავლების საფუძვლები“, ნაწილი პირველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი. 2014
https://www.researchgate.net/profile/Ekaterine_Shaverdashvili/publication/275583428_utskhouri_enebis_sapudzvlebi/links/553feb4e0cf2736761c25beb/utskhouri-enebis-sapudzvlebi.pdf
8. ხასაია ია, „უცხოური ენის შესწავლის ხელშემწყობი პირობები დაწყებით კლასებში“, ავტორეფერატი, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი. 2018
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_10045_2.pdf.
დანართები
დანართი №1. მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კითხვარი
მოგესალმებით,
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიზნად ისახავს რუსული ენის სწავლებისას სამეტყველო უნარებთან (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
გამოკითხვა კონფიდენციალურია. გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ კითხვებს და უპასუხოთ ობიექტურად.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
1. იყენებთ თუ არა უცხო ენის სწავლებისას თანამედროვე მიდგომებსა და სტანდარტებს?
ა. დიახ;
ბ. ნაკლებად;
გ. იშვიათად;
დ. არა.
2. თქვენი აზრით სრულყოფილად მიმდინარეობს თუ არა სკოლებში რუსული ენის საგაკვეთილო პროცესი?
ა. დიახ;
დ. არა.
3. რამდენად მნიშვნელოვანია რუსული ენის სწავლებისას მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით შერჩეული მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება?
ა. არ არის მნიშვნელოვანი;
ბ. ნაკლებ მნიშვნელოვანია;
გ. მნიშვნელოვანია;
დ. ძალიან მნიშვნელოვანია.
4. ჩამოთვლილთაგან რუსული ენის სწავლების პროცესში რომელი სამეტყველო უნარის განვითარება უჭირთ ყველაზე ხშირად მოსწავლეებს (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა)?
ა. წერა;
ბ. კითხვა;
გ. მოსმენა;
დ. საუბარი.
დანართი №2. მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კითხვარი
მოგესალმებით,
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიზნად ისახავს რუსული ენის სწავლებისას სამეტყველო უნარებთან (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
გამოკითხვა კონფიდენციალურია. გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ კითხვებს და უპასუხოთ ობიექტურად.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
სქესი
□ მდედრობითი
□ მამრობითი
1. მოგწონთ თუ არა რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები?
ა. დიახ;
ბ. ნაწილობრივ მომწონს;
გ. არ მომწონს.
2. რამდენ დროს უთმობთ რუსული ენის მომზადებას?
ა. ნახევარ დღეს;
ბ. რამდენიმე საათს;
გ. მცირე დროს.
3. მოგწონთ თუ არა სახელმძღვანელო რომლითაც სწავლობთ?
ა. დიახ;
ბ. ნაწილობრივ
გ. არა.
4. ჩამოთვლილთაგან რუსული ენის სწავლებისას რომელი აქტივობა უფრო გიჭირთ? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხის არჩევა)
ა. წერა;
ბ. კითხვა;
გ. მოსმენა;
დ. საუბარი.
5. მოგწონთ თუ არა მასწავლებლის დამოკიდებულება და ის მეთოდები, რომლითაც
გასწავლით?
ა. დიახ;
ბ. ნაწილობრივ;
გ. არა.
6. რის შეცვლას ისურვებდით გაკვეთილების მიმდინარეობის გაუმჯობესების მიზნით?
_________________________________________________________________________________
დანართი №3. მშობლებისთვის განკუთვნილი კითხვარი
მოგესალმებით,
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიზნად ისახავს რუსული ენის სწავლებისას სამეტყველო უნარებთან (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
გამოკითხვა კონფიდენციალურია. გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ კითხვებს და უპასუხოთ ობიექტურად.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
1. რამდენად ხართ ჩართული სკოლის ცხოვრებაში?
ა. შეძლებისდაგვარად.
ბ. არ ვარ ჩართული დროის უქონლობის გამო;
გ. დიახ, ჩართული ვარ.
2. რა დროს უთმობს თქვენი შვილი რუსული ენის მეცადინეობას?
ა. არ ვარ დაკვირვებული;
ბ. დიდ დროს უთმობს;
გ. ნახევარ დღეს;
დ. რამდენიმე საათს.
3. როგორ ფიქრობთ, ჩამოთვლილთაგან რა უფრო უჭირს თქვენს შვილის რუსულ ენაში?
ა. წერა;
ბ. კითხვა;
გ. მოსმენა;
დ. საუბარი.
4. მოგწონთ თუ არა მასწავლებლის მიდგომები, სწავლებისას გამოყენებული
სახელმძღვანელოები და მეთოდოლოგია?
ა. დიახ.
ბ. არა.
4.1 რის შეცვლას ან გაუმჯობესებას ისურვებდით?
_________________________________________________________________________________
5. ამზადებთ თუ არა შვილს დამატებით რუსულ ენაში კერძო რეპეტიტორთან სკოლის
გარეთ?
ა. დიახ.
ბ. არა.
დანართები
მასწავლებელთა 59% ამბობს რომ იყენებს თანამედროვე მიდგომებს, 21 % არ იყენებს 20% სტანდარტულ გაკვეთილებს ანიჭებეს უპირატესობას.
მშობელთა 11 % ამბობს რომ წერა უჭირს, 34 ამბობს რომ კითხვა, 33 % მოსმენა, 22 % მიიჩნევს რომ უჭირს საუბარი.
რეფლექსია
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განვახორციელე სსიპ ქ.თბილისისN88 საჯარო სკოლაში თემაზე: „სამეტყველო უნარების პრობლემის კვლევა რუსულ ენაში“ კვლევა განვახორციელე მე-7 -მე-9 კლასის მოსწავლეებთან, სადაც აღნიშნული პრობლემა უფრო მკაფიოდ იყო გამოხატული, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მშობლებმა და უცხო ენის მასწავლებლებმა. კვლევის დაწყებამდე ვაკვირდებოდი მოსწავლეების სამეტყველო უნარების მხრივ შემჩნეულ სირთულეებს დავგეგმე და განვახორციელე რამდენიმე ინტერვენცია.
კვლევის შედეგების გაზიარების მიზნით შეხვედრა გავმართეთ კვლევის სამიზნე ჯგუფთან :
მე-7- მე-9 კლასის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, სკოლის დირექციასთან და უცხო ენის მასწავლებლებთან.
წარვუდგინეთ პრეზენტაცია, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიზნებები, რეკომენდაციები, დასკვნები. შედეგები წარვადგინეთ ცხრილებისა და დიაგრამების სახით, გავაცანით ღია კითხვებზე პასუხები.
ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი. მათ აღნიშნეს, რომ კვლევა დაეხმარათ სწავლის პროცესის გაუმჯობესებაში, რადგან კვლევის პერიოდში მასწავლებლები მიმართავდნენ მოტივაციის ამაღლების სხვადასხვა საშუალებებს, უფრო ხშირად იყენებდნენ გაკვეთილებზე ისტ-ს რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. ამასთან მათთვის კვლევა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას კვლევაში და მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ მომავალში უფრო თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მსგავს კვლევებში.
მასწავლებლების მიერ მოცემული უკუკავშირიდან ჩანდა, თუ როგორ აისახა კვლევის შედეგები მათ პრაქტიკაში. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ თემა აქტუალურია.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩემს მიერ განხოციელებული კვლევის შედეგები კოლეგებსაც გამოადგათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და დაეხმარათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში.
კვლევის დროს მიღებული გამოცდილება და მისი განხორციელება პრაქტიკაში დამეხმარა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში, რუსული ენის სამეტყველო უნარების გაუმჯობესებაში.
იმედი მაქვს კვლევის მიზნებების და რეკომენდაციების გათვალისწინება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის პროცესის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment